თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და "ნაციონალური მოძრაობის" ბინძურ პიარ- კამპანიას წარმოადგენს, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში 35 ზეხმელი და ავარიული ხე იჭრება. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.
თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.

















