საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება "ჩემი დიდუბე" გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ყვავილების გამოფენა -გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გარდა ამისა, გაიმართა კონცერტი საბავშვო მუსიკალური სტუდია "ნერგების", "მართვეს", "ქალთა ტრიოს" - "ივერიონისა" და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით. ასევე სტუდია - "ვერნისაჟის" მოცეკვავეების, ცეცხლისა და დრამერების შოუ იყო წარმოდგენილი.
პროექტის ფარგლებში - "ჩემი დიდუბე", დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საზოგადოებას დიდუბის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქიტექტურული შენობების ისტორია გააცნეს.
უწყების ცნობით, დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონის" სოლისტ ივანე ჩხაიძეს, მძლეოსან რობერტ შავლაყაძესა და მხატვარ ავთო მოსიაშვილს "საამაყო დიდუბელის" ტიტული მიენიჭათ.
ღონისძიება ბენდების "მიქსტურა" და "შინნერს-ის კონცერტით დასრულდა.

















