საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას
აღნიშნავს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.
შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო., რის გამოც, სასტიკად ეწამა-გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.
ცნობისთვის, საქართველოში ინდოეთიდან მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამობრძანდა. დედოფლის წმინდა ნაწილები რამდენიმე ეპარქიას მოივლის.

















