აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახელობა“
დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით გაიმართა კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმარი და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვეს.
აჭარის მთავროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეობის „საპატიო სტუმრებად“ წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს.
სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფლებში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელის და საპატიო სტუმრების გამოვლენას.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















