თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა.
თბილისის მერი მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდის ცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა და ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
უწყების ცნობით, კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, 8 ათასი კვ.მ. ფართობზე, ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. პარკში კუნძულების მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბილიკების, მათ შორის, ველო და სარბენი ბილიკების, განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი შადრევანის, სპორტული და სათამაშო მოედნების მოწყობასაც ითვალისწინებს. პარკის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
სარეაბილიტაციაო სამუშაოები ქვემო ფონიჭალასა და რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ მდებარე ბულვარში სრულდება. 300-მეტრიანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. რეკრეაციულ სივრცეში ახალი ბილიკები და ბავშვებისათვის ველობილიკი დეკორატიული განათება და გასართობი მოედნები მოეწყო, აღდგა ამორტიზებული შადრევანიც.

















