იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 7000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული
16:33 19.09.2017
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 7000 ჰექტარზე მეტი
ფართობი დამუშავდა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, იმერეთის რეგიონში მავნებლის გავრცელება სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში აღინიშნა, რის მიხედვითაც დაიგეგმა და ჩატარდა ქიმიური წამლობა. მავნებლის გავრცელების კერები-საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები, სამანქანე დანადგარების გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეიწამლა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში 13 სექტემბრიდან ავიაციაცაა ჩართული.
ამ დროისთვის, ავიაციის მეშვეობით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 1500 ჰექტარი დიდი მასივებია დამუშავებული. ამასთან, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილია საკოორდინაციო დროებითი შტაბი.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთო.