თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად ემზადებიან. მერიის ინფორმაციით, 2017-2018
სააღმზრდელო წელი ბაღებში ორშაბათს, 18 სექტემბერს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება - დედაქალაქს შეემატება ხუთი ახალი ბაღი, სადაც საჯარო ბაღების მომსახურებას დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს და დასაქმდება 325 ადამიანი.
ზაფხულის არდადეგებზე 84 საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა - გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, ავეჯი და სამზარეულო ინვენტარი განახლდა, სველი წერტილები გარემონტდა, გადახურვა შეიცვალა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, წყალ-კანალიზაციის ქსელებს, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, დაემატა ჯგუფები, ხოლო 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოში განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე, ერთ საბავშვო ბაღს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შვიდ საბავშვო ბაღთან ცივი პლასტით ზებრა-გადასასვლელები მოიხატა.
მერიის ცნობითვე, ბაღები აღსაზრდელებს მხიარული სანახაოებებით დახვდებიან. პატარებს მხიარული ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები გაართობენ.

















