აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო- საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
,,მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ, საშუალება მომეცა მივულოცო აკადემიის პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება. ეს დღე პირველკურსელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სამახსოვროა, რადგან დღეს თქვენ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისთან დგახართ. ეს პროფესიის არჩევისა და სტუდენტობის ეტაპია, დრო, რომელიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება და ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
მე ძალიან ამაყი ვარ დღეს, რომ ვხედავ მეზღვაურთა ფორმაში გამოწყობილ ამდენ ახალგაზრდას,რომლებმაც მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესია აირჩიეს. ბათუმი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. არაერთხელ მითქვამს, რომ მეზღვაური სტუდენტები ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ და ამაში ყველანი დამეთანხმებით. თქვენ იმ ბათუმის აკადემიის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გახდით, რომელიც დღეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა საზღვაო აკადემიის რეიტინგის ამაღლებაზეც მოახდინა გავლენა და წელს, საზღვაო აკადემიას 575 პირველკურსელი ჰყავს. არცერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა, რაც ძალიან მახარებს" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული.
საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით, 2200 სტუდენტი სწავლობს.

















