საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის კანდიდატისა და მოქმედი
თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების გავლენიანი პირები პროფკავშირების დამოუკიდებელ ინსტიტუტს ებრძვიან.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი წარმომადგენლები, დღესდღეობით ბიზნესში, პარლამენტში და ა.შ. ებრძვიან ამ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, იმიტომ რომ მათ ე.წ. პროფკავშირს, რომელიც ჯიბეში ყავთ ჩასმული თავისთან, რკინიგზაში, გაუგეს გემო და რატომაც არა, რომ ნაციონალურ დონეზე, ეროვნულ დონეზეც ასე მოხდეს, რას მივიღებთ ამით. მივიღებთ 25 წლის წინანდელ პერიოდს, როდესაც პროფკავშირი იქნება უკანა თათებზე მდგარი, პარტიული კუთვნილებით და ხელისუფლების ტაშის დამკვრელი“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობა მიმდინარეობს, სადაც 219-მა დელეგატმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.

















