„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენცია მიმდინარე წლის
2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.
საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მთავარი თემა იქნება: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია მათი ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
უწყების ინფორმაციითვე, კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება.
ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა და დებატებსაც ითვალისწინებს.
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.
2018 წელს დარგის საუკეთესო სპეციალისტებს ოქსფორდი უმასპინძლებს.

















