მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის
სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.
მიმდინარე წელს კომპანია მგზავრებს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა.
მერიის ინფორმაციით, მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა. ვაგონებში შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები დამონტაჟდა. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი UშB შესაერთებლები განთავსდა. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით შეიცვალა.
ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ეს პირველი მატარებელია, რომელსაც სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე ექსპლუატაციაში შევა.
"დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია" - განაცხადა თბილისის მერმა.
მიმდინარე წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება, საიდანაც 4 უკვე მზად არის და სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიმდინარე წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

















