სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მოსახლეობა მავნებელთან ბრძოლის საკითხებში მობილიზებული უნდა იყოს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის.
"ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად. ხალხი თვითონ უნდა იყოს მობილიზებული მავნებელთან ბრძოლის საკითხებში და ჩვენ რა თქმა უნდა, მოვამარაგებთ ინფორმაციით, რომ ვიცოდეთ რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, ეს რთული პრობლემაა ყველგან, სადაც ეს მავნებელია დაფიქსირებული, თუმცა მთავარი გზავნილი ის არის, რომ სახელმწიფო ამ ღონისძიებებში მუდმივად იქნება ჩართული, იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მოქმედებები იქნება ეფექტური, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ მას. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობა დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა.
დღესვე მინისტრმა დავითაშვილმა ავიაციის შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა და იმ რისკებს გაუსვა ხაზი, რომელიც ავიაციის გამოყენების შემთხვევაში იარსებებს.
"ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო, რადგან ეს არის მავნებელი, რომელსაც საკმაოდ დიდი გავრცელების არეალი აქვს, მაგრამ ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიურ წამლობაზე და აქ ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და არეალი საკმაოდ შეზღუდულია. კერძოდ, განსაკუთრებული სიფრთხილე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებთან გვმართებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ავიაციის გამოყენება ძალიან სარისკოა, მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, ავიაციის გამოყენებით შეიძლება შეიწამლოს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

















