სრულიად საქართველოს კათოლისოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი დღე თანადგომის დღედ გამოაცხადა.
როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანთა მოწოდებაა, რომ ქვათა სიმძიმე - მატერიალური თუ სულიერი, საკუთარ თავზე იტვირთონ.
პატრიარქმა თანადგომის მაგალითად ერთი ახალგაზრდა ბერის ცხოვრება მოიყვანა, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა და ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ხალხის განკურნება შეეძლო. ერთხელ ბერს განსაკურნებლად ახალგაზრდა ქალიშვილი მიუყვანეს.
„მან ვერ განკურნა ქალიშვილი და დაუტოვეს იგი, რათა გაძლიერებული ლოცვით გადაერჩინა. თუმცა, ეშმაკს არ სძინავს, განკურნა ქალიშვილი, მაგრამ სცოდა მასთან და იმდენად განიცადა ეს ცოდვა, რომ ის ქალი მოკლა და კლდეზე გადააგდო. შემდეგ წავიდა გამოქვაბულიდან და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. უდაბნოში ერთმა მოხუცმა ბერმა დაინახა, გააჩერა და ჰკითხა რა გაწუხებსო. ახალგაზრდამ ყველაფერი უამბო და ისიც უთხრა, რომ თავის მოკვლას აპირებდა. უფროსმა ბერმა უთხრა - ერთ რამეს გეტყვი, ასეთი ცოდვა მეც ჩამიდენია, ერთად წავიდეთ და ერთად ვილოცოთო. წლების შემდეგ მოხუცმა ბერმა ნახა, რომ ახალგაზრდა განიკურნა, უთხრა მას ახლა უკვე წადი და ცალკე იმოღვაწეო. ასე გადაარჩინა იმ მოხუცმა ახლგაზრდა ბერი“ - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადამიანებმა ერთმანეთის სიმძიმე უნდა იტვირთონ, რათა გაუადვილონ სიცოცხლე მეგობარს, ნაცნობსა თუ უცნობს. როგორც უწმინდესმა აღნიშნა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება სწრაფვაა უფლისკენ - ვერტიკალური ხაზი და სწრაფვა ადამიანისკენ - ჰორიზონტალური.
„დღევანდელ დღეს ჩვენ თანადგომის დღე დავარქვით. ადამიანის გაჭირვება უნდა დავინახოთ ვუთანაგრძნოთ მას, რაც უნდა მძიმე ცოდვა ჰქონდეს ჩადენილი დავეხმაროთ და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა მოგვცეს ძალა სხვათა დასახმარებლად“ - ბრძანა პატრიარქმა.

















