საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს, ბათუმში სასტუმრო „რედისონ ბლუ”-ში გაიხსნება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონფერენციას ხვალ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან. კონფერენციის პარალელურად მინისტრს უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ექნება.

















