საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის
მაღალი რანგის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს დელეგაციასთან ყურადღება გაამახვილა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იზორიამ თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრეისი ნიველს, აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმძღვანელს იაშ ჰოლბრუკსა და EUCOM-ის წარმომადგენელს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯიმ ინსეტას უმასპინძლა.
შეხვედრას ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანიც დაესწრო.
მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმის ფარგლებში საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომლის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება.
უწყების ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და ვაზიანში საწვრთნელი ტერიტორიის მოინახულებს და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნისთვის შეფასებასა და ანალიზს გააკეთებს.
„გავაცანით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მათი ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომელის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. მათ გეგმაში აქვთ მოინახულონ როგორც კრწანისის ბაზაზე არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ისე ვაზიანი, სადაც ჩვენ მათთან ერთად წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის - ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნას ვგეგმავთ “ - განაცხადა იზორიამ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

















