საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა მიიღო. შეხვედრას გაერთიანებული შტაბის და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მხარეებმა ვეტერანთა სოციალური საკითხების გაუმჯობესებისთვის საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წევრებმა ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე დელეგაციის წევრებმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, ვეტერანებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ვეტერანთა ფედერაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ფედერაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 19 მაისს დასრულდება.

















