ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რეზერვის სისტემის შექმნა და კონკრეტული კონცეფციის დამუშავება იმ ახალი რეალობით არის განპირობებული, რაც საქართველოს უსაფრთხოების კუთხით 2008 წლის შემდეგ შეიქმნა.
ეს განცხადება ქუთელიამ დღეს 7 კომიტეტის გაერთიანებული სხდომის წინ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ზოგადად რეზერვის კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
“ბევრი ისეთი ქვეყანა ფიქრობს რეზერვის კონცეფციის შექმნას, რომელიც ნატო-ს წევრია და გაცილებით უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს. გარდა უშუალო პრაქტიკული მნიშვნელობისა, რეზერვის სისტემა სამოქალაქო საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებს ეხმარება”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
„საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტს“ 7 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

















