რეზერვის ახალი სისტემა, რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებესებაზე, ასევე, ტერიტორიული თავდაცვის
უზრუნველყოფაში მოსახლეობის ჩართულობაზე იქნება მიმართული.
ამის შესახებ „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაშია“ ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტის 6 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება.
კონცეფციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა,,ტოტალური თავდაცვის” პრინციპს ეფუძნება.
„გარე აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას“ – აღნიშნულია კონფეფციაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები. ასევე, თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ნატო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.
აღნიშნულ კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშავებს თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას.
6 კომიტეტის სხდომაზე კონცეფციას დეპუტატებს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი გააცნობს. ამის შემდეგ კი, მას პრეზიდენტი დაამტკიცებს.

















