სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებულ პირებს 18 წლის ასაკიდან რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება " სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონში შედის.
სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან ამჟამად გათავისუფლებულები არიან ქალები, სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით, საზღვაო ფლოტის შემადგენლობა, პედაგოგები და ექიმები რომლებიც სოფლად მუშაობენ , შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები, მოსამართლეები, პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები, დიპლომატიური თანამდებობის პირები, სასულიერო პირები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები და პარლამენტის წევრები. ასევე პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
კანონის მოქმედი რედაქციით, ნებაყოფლობით სამხედრო სარეზერვო სამსახურში წასვლა აღნიშნული პირებიდან შეეძლოთ მხოლოდ ქალებს, პირებს, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფ პირებს, დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და პარლამენტის წევრებს.
კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურში წასვლა ყველას შეეძლება, თუმცა, მხოლოდ 18 წლის ასაკიდან.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა, ინიციატორი კი უმრავლესობის წევრი კახა სუხიშვილი.
მისი განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯერ არ დაწყებულა.

















