16 თებერვალს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი დაფუძნდება.
ცენტრს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გახსნიან. ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრები როგორც კავკასიიდან, ისე საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორებიდან. ასევე კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ცენტრის უმთავრესი მოვალეობა იქნება ჩერქეზების და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზაცია. ასევე ადგილობრივ ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება.

















