საქართველომ ახალი ტექნოლოგიები რამდენიმე წელიწადში უნდა აითვისოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საწარმო „დელტაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ამოცანაა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება, ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ამ გზით ხალხის დასაქმება.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს ბევრ რეფორმას მიბაძა, მათ შორისაა სამხედრო სფერო. ამის დასტური კი, მისი თქმით, რუსეთის მიერ მოპარული ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორის“ მოდელია.
„არ მიკვირს, რომ რუსეთი პოლიციისა და ეკონომიკის სფეროში გვბაძავს, მაგრამ იმ სფეროშიც თუ მოგვბაძავდა, რომელშიც მონოპოლია დიდი ხანია მას ეკუთვნის, ნამდვილად სასწაულია. ეს ნიშნავს, რომ პატარა ქვეყანასაც შეგვძლებია რაღაცის გაკეთება. თუმცა, ჩვენი „დიდგორი“ და უპილოტო თვითმფრინავები მათსას ბევრად ჯობს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

















