საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის უმაღლესი სამხედრო პირი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო.
ჭანკოტაძემ ლიტველ კოლეგას რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
ქართველმა და ლიტველმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
არვიდას პოციუსმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ლიტვის თავდაცვის უფროსმა გორში ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერა და საქართველოს სამხედრო განათლების სისტემას გაეცნო. ლიტველმა გენერალმა აკადემიაში ლიტვის შეიარაღებული ძალების, მისი განვითარების ეტაპებისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
სტუმარმა ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ დაათვალიერა.

















