საქართველოს ნებაყოფლობითი რეზერვი ქვეყნის მტრებს და მათ ქართველ წარმომადგენლებს ძალიან აღიზიანებთ - ამის შესახებ
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მან საქართველოს მტრების წარმომადგენლები ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებად მოიხსენია.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ამ ეტაპზე 30 000-მდე რეზერვისტი ჰყავს, ზაფხულში კი - 70 000 გადამზადებული ნებაყოფლობითი რეზერვის წარმომადგენელი ეყოლება. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წელს ეს კარგად გამოჩნდა.
„საქართველო პირველ რიგში ჩვენი ხალხის მეშვეობით უნდა დავიცვათ. მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანას აქვს საკუთარი წარმოება, ჰყავს შეიარაღებული ჯარი, რეზერვი, რათა არ შეგვექმნას პრობლემები და დავაჩქაროთ სინგაპურიზაციის დონე“- განაცხადა საააკაშვილმა.
მისივე თქმით, იარაღის შემოტანაზე საქართველოს პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ყუმბარმტყორცნებისა და ნაღმტყორცნების წარმოება თავად დაიწყო, ვითარდება ახალი ელექტრონული ტექნოლოგიებიც.
„ჯერ კიდევ ადრე ვამბობდით, რომ მომავალი საინჟინრო ტექნოლოგიებს ეკუთვნის, მალე შეგვეძლება, რომ ჩვენი ჯარი თვითონ აღვჭურვოთ“- განაცხადა პრეზიდენტმა.

















