ქართული წარმოების უპილოტო საჰაერო სისტემა უკვე გამოიცადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი გამოცდა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოხდა.
საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეცნო.
სისტემა საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისგან შედგება. ფრენის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. საჰაერო აპარატი შიგაწვის ძრავითაა აღჭურვილია. აფრენა პნევმატური კატაპულტის მეშვეობით ხორციელდება.
უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე სხვადასხვა მიზნებისთვის - სასაზღვრო პატრულირება; დაზვერვა/თვალთვალი; საჰაერო ფოტოგადაღება; დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით; სტიქიური უბედურებების მონიტორინგი; სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა; რადიაციის შემოწმება/კონტროლი; დღის/ღამის დაზვერვა; ბრძოლის ველის მეთვალყურეობა; მიზნის დადგენა; რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა; ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება.
მისი ტექნიკური მახასიათებლებია - ფრენის ხანგრძლივობა - 8 საათი; ფრენის სიმაღლე - 100-3000 მეტრი; სიჩქარე - 60-160 კმ/სთ. სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა. უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას პარაშუტი იხსნება და ამავე დროს ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით უსაფრთხოების ბალიში იბერება. სისტემა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც გამოიყენება.

















