საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელთა 37 კაციანი დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაცია დღეს გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრა. აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა მსმენელებს სამხედრო განათლების სისტემა გააცნო. შეხვედრას სამეთაურო და საშტაბო სკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროდან ფრანგი მსმენელები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაემგზავრნენ და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ISAF-ის მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებს დაესწრნენ.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი მსმენელები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიასაც შეხვდნენ.
საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

















