თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ შექმნილი
დაჯგუფებების წევრები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში დასაქმდებიან. 
როგორც ალასანიამ დღეს პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, მან ბოლო თვეებში შეიარაღებული ჯგუფების შექმნაზე პრევენციული განცხადება გააკეთა. 
„მედიის გარეშე  შემიძლია დეპუტატებს მოგაწოდოთ  ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად და რა მოტივით იქმნებოდა აღნიშნული ჯგუფები. მიზანი ის იყო, რომ დაძაბულობის შემთხვევაში, ისინი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. თუმცა, მნიშვნელოვანია  ჩვენ რას ვუპირებთ მათ. გვინდა, რომ ეს ადამიანები ლეგალური გზით, თავდაცვისა და შს სამინისტროებში გადანაწილდნენ და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“ - განაცხადა ალასანიამ.  
რაც შეეხება სამინისტროს პრიორიტეტებს, მისი თქმით, მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწრაფი და მობილური დანიშნულების ძალების გაწვრთნასა და მათი შესაძლებლობების გაზრდაზე. 
„ასევე, ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები იქნება“ - დასძინა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს  თანამონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში და სამხედრო სფეროში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა  გაგრძელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












