ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჩავიდა და ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც „ნიუსპრესის“ აჭარის ბუროს კორესპონდენტი იუწყება, ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი ასევე გამოუცხადეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და აჭარის მთავრობის წევრებმა.
გარდაცვლილის ოჯახში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს სამძიმარი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამაც გამოუცხადა.
22 წლის მინდია აბაშიძე ავღანეთში ერთ-ერთი დავალების შესრულებისას დაიღუპა. ის ღია ავტომობილით გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილში ყუმბარა ჩავარდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ასევე ორი ჯარისკაცი.
ქართველი სამხედრო მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალეს.
მინდია აბაშიძე თვის ბოლოს 23 წლის გახდებოდა. ის შეიარაღებულ ჯარებში 2008 წლიდან მსახურობდა.

















