პარლამენტის თავდაცვისა დ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზაცია პირველი რიგის ამოცანად მიაჩნია.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პოლიტიკამ და არაპროფესიონალურმა მმართველობამ სისტემას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
ამდენად, მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ თავდაცვის ეფექტური სისტემის ერთიანი ხედვა უნდა შეიმუშაოს.
სესიაშვილი აცხადებს, რომ სისტემა ძირეულ რეფორმებს დაექვემდებარება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უწყებაში პროფესიონალური კადრების მოზიდვა იქნება.
მისივე თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც იმ მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს, რომელთაც თავდაცვის უწყებაში დაბრუნება სურთ.
გარდა ამისა, სესიაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყების მუშაობა გაცილებით გამჭვირვალე გახდება ვინადიან, მასზე ძლიერი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება.
მისი თქმით, თავდაცვის უწყებას გარკვეული ანგარიშების, მათ შორის, ფინანსური საკითხების საზოგადოებისთვის წარდგენა მოუწევს.
ამასთან, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, იგეგმება სამხედრო საპარლამენტო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც ომბუდსმენის ფუნქციას შეასრულებს.
სესიაშვილი აცხადებს, რომ ძირეულ რეფორმას დაექვემდებარება გაწვევისა და სარეზერვო სამსახურის სისტემებიც. კერძოდ, დაგეგმილია სავალდებული სამხედრო გაწვევის ასაკის 19 წლამდე გაზრდა, ხოლო სამხედრო სამსახურის ვადის 6-8 თვემდე შემცირება.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, სარეზერვო სისტემა დღეს არსებული ფორმით, სრულიად არაეფექტურია და მასზე დახარჯული თანხები „წყალში გადაყრილი ფულია“.

















