ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო სფეროში მიმდინარე თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან სამხედრო სფეროში არსებული კურსით გააგრძელებს თანამშრომლობას.
შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს. გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, ალიანსთან და აშშ-სთან ISAF-ის შემდგომ პერიოდშიც გააგრძელოს თანამშრომლობა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი IV ქვეითი ბრიგადის მეთაურს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდება.
გენერალ-ლეიტენანტ ჯონ პაქსტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 7 ოქტომბერს დასრულდება.

















