საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო
გეგმის წარდგენაზე საუბრისას ყურადღება ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციის მომარაგების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი, რისი მაგალითიც არის სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ „დელტას“ ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატოს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში 40-მდე, „დელტას“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა მიიღო.