თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე,
თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, თანამედროვე ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებია, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებაა. ყველამ კარგად ვიხილეთ, ამ ტიპის იარაღის მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად“.
ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოებას მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ, „დელტას“ ბაზაზე წარმოების დაწყების შესახებ აცნობა: „აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომდევნო წლიდან პროდუქციის გამოშვებას“.
თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტია. სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებში.