მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ
სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) მასპინძლობს, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება. სწავლების უშუალო აღსრულებამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს წვრთნებში მონაწილე ქართველი და პარტნიორი ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა/გადაადგილებას სწავლების ჩატარების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომლის გადასროლაც სენაკიდან ორფოლოს მიმართულებით ხვალ, 22 ივლისს იგეგმება. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული სამხედრო კონვოი სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე გადაადგილდება, რის გამოც გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის" - ნათქვამია განცხადებაში.