საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული
სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.
ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს, რომელიც 5 ლოკაციაზე ჩატარდება.