თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო
თანამშრომლობის შესახებ მოსმენა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა ამერიკელი ოფიცრებისგან წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე ინფორმაცია მოისმინეს და დისკუსია გამართეს. დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხების მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს მჭიდროდ თანამშრომლობა აკავშირებს. მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაფართოება ტოტალური თავდაცვის საკითხებზე. სწორედ ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანეს ელემენტზე - წინააღმდეგობის გაწევის თემებზე ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც ამერიკელი ოფიცრებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო დისკუსია გავმართეთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი და ფასდაუდებელია ის დახმარება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უწევს საქართველოს და ჩვენ, ამერიკელი ხალხის მიმართ, რომლის მტკიცე ნებასაც ეს მხარდაჭერა ეფუძნება, განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.