ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების
ფარგლებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.საქართველოს თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტისთვის სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო. საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზებზე მოეწყო.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილ თორმეტ საარჩევნო უბანზე მისცეს. ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ბიულეტენებზე დააფიქსირა, რის შემდეგაც ცესკო-ს წარმომადგენლებმა ბიულეტენები გადასატან საარჩევნო ყუთებში მოათავსეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესმა ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, „ქართული ოცნების“, „ევროპელი-დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
„საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ყველა მხარის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიუხედავად საომარი ვითარებისა, კენჭისყრის პროცესის ნორმალურად ჩატარებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. დელეგაციის წევრები ქართულ მისიაში ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებენ“ - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
დღეისთვის, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიას მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებენ. ეს უკანასკნელი ამჟამად როტაციის პროცესშია.

















