საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
II ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში სწავლებაში მონაწილე მედიის 16 წარმომადგენელი დახურვის ცერემონიალზე ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილი პირდაპირ საველე პირობებიდან დაბრუნდა. მათ „ღირსეული პასუხის 2021“ წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივებისა და პროექტების შეთავაზება სთხოვა და განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ასევე, იმ ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, რომლის პირადი შემადგენლობაც მედიასწავლების საველე კომპონენტში უშუალოდ იყო ჩართული.
დახურვის ღონისძიებამდე „ღირსეული პასუხის 2021“ მონაწილეები საველე პირობებში სწავლების კულმინაციურ ნაწილში აქტიურად იყვნენ ჩართული. იმიტირებული სცენარის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მათ განგაში გამოეცხადათ და სამხედროებმა ისინი უსაფრთხო ადგილას, ტყეში გადაიყვანეს, სადაც ღამის გათენება კარავში მოუწიათ და სამხედროების „მშრალი ულუფაც“ დააგემოვნეს. დილით ადრე კი, მათი მედიაცენტრი უკვე ველზე გაშლილ კარავში მოეწყო. სცენარის მიხედვით, მონაწილეებს საბრძოლო მოქმედებების გაშუქება დაევალათ, სადაც თეორიულად ნასწავლი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენეს, მათ შორის იყო, სტრესის მართვა, შიშის დაძლევა, ფეთქებადსაშიშ ნივთიერებასთან და დაბინძურებულ ტერიტორიაზე მოქმედების წესები.
„ღირსეული პასუხი 2021“ წელს მეოთხედ ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.