ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) სამეთაურო-საშტაბო
სწავლებას „ბასიანი 2021“ ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა. სწავლების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მან მონაწილე ქვედანაყოფების მართვის პუნქტი და სხვა ლოკაციები მოინახულა და სწავლების მიზნის, ამოცანების, ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სწავლება მონაწილე ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა, მიღწეული შედეგები მიმოიხილა და მომავალი სწავლების დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მისცა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები იყვნენ ჩართულები. „ბასიანი 2021“ მიზნად ისახავდა საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს აუცილებელი კომპონენტების დახვეწას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სწავლების ყველა ფაზა ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლების სახელმძღვანელოს დირექტივების მიხედვით განხორციელდა.