წელს ტამიშის ბრძოლიდან 28 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, აფხაზურმა მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო ყველა ქართული საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. 10-11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის - 1993 წლის ივლისის ბრძოლები საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.