მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 ოდესაში ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში
საქართველოს თავდაცვის ძალები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.
სწავლება მასშტაბურია და უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი.
SEA BREEZE 2021-ში ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ორი სადარაჯო ხომალდითაა ჩართული. ხომალდების - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირეს" ეკიპაჟების გარდა მრავალეროვნულ წვრთნებში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მონაწილეობენ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცრები ოდესაში საზღვაო შტაბშიც არიან წარმოდგენილი.
აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწას, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაძლიერებას რეგიონში.
წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. სწავლების თეატრი უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია გაშლილი და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000 წარმომადგენელი მონაწილეობს. საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი.
SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.