ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური,
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაური სიტყვით გამოვიდა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, 10-წლიან ხედვაზე.
ასევე, აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობაზე ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, რაზეც ხაზგასმით აღინიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან (SACEUR)/აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან (EUCOM) გენერალ ტოდ ვოლტერსთან და უცხოელ კოლეგებთან.