საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა.
„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.