საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში
თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას.
თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.
„ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.