სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი
თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.
უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მან თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა.
ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.