მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის
პროცესის გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში ქვეყანამ სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი მიიღოს. „ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება (სუ-25-ების, მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების და ამერიკული UH-1-ები) აღდგენა-მოდერნიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციაზე გაამახვილა.
„შეგახსენებთ, რომ წელს უნდა დასრულდეს ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზაც. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.