საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის დირექტორის მოადგილეს
კონტრადმირალ მარკ მონტგომერს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლიმენტაციის საკითხების განხილვა იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა კონტრადმირალს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული გაღრმავებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.
მათი ვიზიტის მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს დახმარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, ISAF-ის მისიაში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობას შეეხო.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ამავე დროს, საქართველო ISAF-ის მისიისთვის საჭირო სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.

















