საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო
ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.