დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული
გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა. დაჭრილ მებრძოლთა დღე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.
„ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა მათი დამსახურების წინაშე. ზრუნვა მათზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას შესწირეს, ნიშნავს სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერას. ეს დღე უნდა გახდეს კიდევ ერთი საშუალება მათი პრობლემების გააზრებისა და გადაწყვეტისათვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
თავდაცვის მინისტრმა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან მადლიერება გამოხატა ამერიკელი მეგობრების მიმართ და თავდაცვის ძალების განვითარებაში მათი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის უწყების წარმატებულ სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, სწორედ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს: „მარო მაყაშვილისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას დღევანდელი ქართული ჯარი, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, არაერთი ბრძოლა გადაიხადა, იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სამხედრო ძალებთან ერთად, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. ჩვენი ჯარისკაცების გაუტეხელი სულისკვეთება, გმირობა და თავდადება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია ამ ბრძოლაში. ეს ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა. დღეს ჩვენ ვალში ვართ ჩვენს ჯართან. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე! ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. ჩვენი საერთო მადლიერებისა და პასუხისმგებლობის მაგალითია ეს სარეაბილიტაციო ცენტრიც, რომელიც აშენდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ელჩსა და წარმომადგენელს“.
ღონისძიების ფარგლებში მედლით «საბრძოლო იარისათვის» 22 დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. სტუმრებმა წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრიც დაათვალიერეს და კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს გაეცნენ. წეროვანში იმყოფებოდა ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის შთამომავალი, კაპიტანი გიორგი როსტომაშვილი, რომელიც ამჟამად თავდაცვის ძალებში მსახურობს. სტუმრები ეროვნული გმირის შთამომავალს გაესაუბრნენ და მას სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.