ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და
პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა.
ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ მარკ მილს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. კოლეგებმა გასულ წელს საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც მიმოიხილეს და მიმდინარე წლის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობასა და 2021 წელს, მისი დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე 2021-2022 წლებში დაგეგმილ ქართულ-ამერიკული ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობა, ასევე ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მხარდამხარ მონაწილეობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მოდერნიზაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს.