რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ირაკლი
ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღებისა განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.
მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და დანერგილი სიახლეებიც გაიხსენა:
„წინა წელს მთავარი აქცენტი მქონდა ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე: კვება, აღჭურვილობა, ფორმები, ფეხსაცმელი, ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, ბინათმშენებლობა, რომელიც მახათას მთაზე დავიწყეთ. წელს მთავარი აქცენტი შეიარაღების სისტემების შეძენასა და საბრძოლო მზადყოფნაზე მექნება. გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა ვიზრუნოთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე - იქნება ეს არტილერია, საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე დრონების სისტემა, სადაზვერვო საშუალებების განვითარება, თუ სხვა მიმართულება. ეს ყველაფერი საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის გაძლიერებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება“.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარი ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტია, რომლის გაძლიერებაზე სახელმწიფო მუდმივად უნდა ზრუნავდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, ათწლიან გეგმაზეც ისაუბრა, რომლის შემუშავებაში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება აღნიშნა.