ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ 2021 წელს და მომდევნო წლებში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, შეიარაღების მოდერნიზაცია, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება.
2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით დასრულებაზე, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდება. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი დაესწრნენ.